მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

სკოლის ისტორია

სკოლის ისტორია არქივიდანაა ამოღებული და ზოგიც მოგონებების მიხედვით არის შედგენილი. (გთხოვთ მოგვიტევოთ თუ ვინმეს ღვაწლი სათანადოდ ვერ ავსახეთ) მოდით პირველ რიგში თვალი გავადევნოთ ამ სასწავლებლის მიერ განვლილ ცხოვრების გზა-კვალს.
სკოლა-ინტერნატის ახლად დანიშნულ დირექტორს გამოცდილ პედაგოგს იოსებ დიასამიძეს ერთგულად ამოუდგნენ მხარში მოადგილეები: ვლადიმერ გაბელაია, ვახტანგ ავალიანი,  მასწავლებლები და აღმზრდელები: ა. გაბაიძე, ვ. ბოჭოიძე, ტ. დადიანი, ი. გობრონიძე, ჩ. ბაღოშვილი, ე. კვაჭანტირაძე, ც. კაჭარავა, მ. თუთაშვილი, გ. ცქიტიშვილი, ჟ. ცირეკიძე, ა. კახიძე, თ. კუკულაძე, ვ. თურმანიზე, მ. თოდრაძე, მ. ჯინჭრაძე, ე. საქარიშვილი, გ. მელქაძე, თ. კალანდაძე, ლ. კობიძე, ჩ. კაკალაძე, ნ. კობრავა, ზ. სურმანიძე, თ. ხალვაში, ს. ჩიხლაძე, ვ. კაშკაშიძე, ც. გოგიტიძე, ვ. ბურჭულაძე.  ტექპერსონალი: ვ. როყვა, მ. თედორაძე, ზ. დივკელიძე, ი. დიასამიძე, მ. სიხარულიძე, რ. ბალაძე, ლ. მაჭუტაძე, ნ. ფირცხალაიშვილი.
ამ ადამიანთა ენთუზიაზმმა, კეთილსინდისიერმა შრომამ დააჩქარა სასწავლებლის მშენებლობის ტემპი, მისი სწრაფი მომზადება მეცადინეობის დაწყებისათვის.
1960 წელის პირველ სექტემბერს ბათუმის მე-3  სკოლა-ინტერნატში პირველად გაისმა სკოლის ზარი. 210 აღსაზრდელი მიუსხდა სასკოლო მერხებს (თუმცა მსურველთა რიცხვი ორჯერ მეტი იყო).
მაშინ ამ სასწავლებელს ბათუმის მესამე რვაწლიანი სკოლა-ინტერნატი ეწოდებოდა. აღსაზრდელთა კონტიგენტიც მცირე ჰყავდა. არც ბარათაშვილის სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და არც სპეციალიზებულ სასწავლებლად ითვლებოდა.
1964 წლისათვის ამ სასწავლებელს უკვე ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი, რომ მას აჭარის ყველა რაიონიდან, ქალაქიდან მოაწყდა ამ სკოლაში სწავლის მრავალრიცხოვანი მსურველი რათქმაუნდა ყველას თხოვნა ვერ დააკმაყოფილეს და მაინც აღსაზრდელთა კონტიგენტი იმდენად გაიზარდა, რომ სასწავლებელი რვაწლიანიდან საშუალო სკოლა-ინტერნატად გადაკეთდა.
1968 წლიდან ბათუმის მეორე საშუალო სკოლა-ინტერნატს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელი მიენიჭა. დეკორატიული აუზის მახლობლად 1969 წლიდან აღმართულია ნიკოლოზ ბარათაშვილის სკულპტურა, რომელიც  მ. ბოლქვაძის მიერაა შექმნილი.
1974  წლიდან, ეს სასწავლებელი სპეციალიზებულ ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა-ინტერნატად გადაკეთდა.
თავისთავად ცხადია, ამ სკოლის ცხოვრებაში არც ეს დიდმნიშვნელოვანი მოვლენა მომხდარა შემთხვევით; ამისათვის  თანდათან, გეგმაზომიერად მზადდებოდა ნიადაგი, სხვა საგნებთან ერთად სულ უფრო  მძლავრდებოდა და იზრდებოდა მოსწავლეთა მისწრაფება ფიზიკისა და მათემატიკისადმი. ამას ხელს უწყობდა კეთილ მოწყობილი სასწავლო კაბინეტები და ლაბორატორიები, შინაარსიანი და მიმზიდველი კლასგარეშე და სკოლისგარეშე საქმიანობა, წრეები, რაც მთავარია მასწავლებელთა ჩინებული შემადგენლობა , მუდამ მაღალ დონეზე ჩატარებული გაკვეთილები.
1965 წლიდან სკოლაში სასულე ორკესტრი ჩამოყალიბდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის  დამსახურებული მუშაკის ნიკოლოზ თოფურიძის ხელმძღვანელობით. მან არა ერთ წარმარტებას მიაღწია . ერთი წლის შემდეგ სასულე ორკესტრების  რესპუბლიკურ დათვალიერებაზე ინტერნატელთა ორკესტრმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
ბათუმის მე-2  სკოლა-ინტერნატში საოპერო დასიც არსებობდა. თავისი არსებობის მანძილზე დასმა მოამზადა და წარმატებით უჩვენა მაყურებელს საბავშვო ოპერები: ,,მამაცი წიწილები“, ,,პატარა რაინდი“, ოპერეტები: ,,ნატვრის ხე“ , ,,ნიშნების პაექრობა“,  ,,დროს ნუ კარგავ, ძმობილო“  და სხვა. მოსწავლეთა რესპუბლიკურ მხატვრულ დათვალიერებაზე სკოლა-ინტერნატის ნორჩმა შემსრულებლებმა ოპერა ,,მამაცი წიწილები“-ს დადგმისათვის ოქროს მედალი და დიპლომები დაიმსახურეს. ეს დადგმა ტელევიზიითაც გადაიცა. ამ საქმეს ხელმძღვანელობდა იოსებ თავბერიძე.
სკოლა-ინტერნატის მოსწავლეთა დრამატული წრეც შესანიშნავი წარმოდგენებით წლების მანძილძე ახარებდა ნორჩ მაყურებელს.
მის რეპერტუარში სხვა პიესებთან ერთად მაღალპროფესიულ დონეზე წარმოდგენილი იყო დრამატურგ გ. ივანიშვილის ფელეტონი ,,რას გვაძლევს ტყე და რას ვაძლევთ ტყეს“ რაც მარტო ესთეტიკურ სიამოვნებას კი არ ანიჭებდა აღსაზრდელებს არამედ ბუნების სიყვარულის დაცვისა და მოვლა-პატრონობის სურვილს უღვივებდა. ერთი სიტყვით სკოლა-ინტერნატში დუღდა ბავშვთა და მოზარდთა ემოციებით აღსავსე ცხოვრება, ყველა პირობა იყო შექმნილი მათი მხატვრულ-ესთეთიკური განათლებისა და აღზრდისათვის, სულიერი სამყაროს ყოველმხრივ განვითარებისათვის.
სკოლა-ინტერნატი სისტემატურად აწყობდა აღსაზრდელთა ორგანიზებულ, შინაარსიან ექსკურსიებს მშობლიური მხარის გასაცნობად და შესასწავლად. ნორჩი მხატვრები ქმნიდნენ ბუნების, პეიზაჟების ჩანახატებს; მერე ნანახსა და მოსმენილს სკოლაში აანალიზებდნენ, აწყობდნენ გამოფენებს.
მარტო საქართველოში მოგზაურობით როდი იფარგლებოდნენ სკოლა-ინტერნატის არსაზრდელები. სწავლით, შრომით დაა ყოფაქცევით  გამორჩეულები იყვნენ  საქართველო საზღვრებს გარეთაც - ქერჩში, სევასტოპოლში, ოდესაში, ბრესტიში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დამამთავრებელი კლასის მიერ  საკუთარი ძალებით და გამომგონებლობით რაღაც მნიშვნელოვანის შექმნა და მშობლიური სკოლისათვის სახსოვრად დატოვება. ამ იდეის წამომწყები იყო ის მეათე კლასი, რომელმაც 1966 წელს პირველმა დაამთავრა სასწავლებელი. კურსდამთავრებულებმა ინტერნატში გატარებული წლების კმაყოფილებისა და სიყვარულის აღსანიშნავად უმცროს მეგობრებსა და სკოლა-ინტერნატს სახსოვრად დაუტოვეს სასწავლო წლის დასასრულს მათი ინიციატივით სკოლის ეზოში გაშენებული სკვერი და გაზონი წარწერით: ,,XI კლასი, 1966წ. -  I კლასი“ გადასცეს  I კლასს, რომლებსაც სკოლის დამთავრებამდე უნდა ეზრუნათ მის მოვლაზე, მერე კი უფრო გამდიდრებული და კეთილმოწყობილი დაეტოვებინათ მომავალ პირველკლასელთათვის.
მომდევნო  კურსდამთავრებულებმა უფრო სერიოზული ამოცანის შესრულება დაისახეს მიზნად: მოეწყოთ ხეივანი. თავაუღებელი შრომის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის აღმოსავლეთით მდებარე გორაკზე თანდათანობით ადიოდა ცემენტის კიბის საფეხურები, ეწყობოდა ყვავილებით დამშვენებული პატარა მოედნები, გორაკის თავზე ნიადაგი მოასწორეს , მოაპირკეთეს , შუაში მაგიდა დადგეს, გარშემო საკუთარი ხელითვე ნაკეთები სკამები შემოურიგეს. გორაკის თხემზე დარგეს მარადმწვანე მცენარეები.
შემდგომ წლებს თანმიმდევრულად მოჰყვა სპორტული მოედნის გაფართოება და სრულყოფა, სტადიონის ტრიბუნების მოწყობა, გეოგრაფიის მოედანზე ასასვლელი გზების გაყვანა , სასწავლებლის ეზოს ცენტრში 130 კუბური მეტრის წყალტევადობის აუზის აგება, გამარჯვებისა და შინმოუსვლელთა ხეივნების გაშენება და სხვა და სხვა. ყოველწლიურად დღემდე მდიდრდება სკოლა ასეთი შრომით. წელი წელს მიჰყვება. 1984 წლის ივლისიდან ბატონი იოსებ დიასამიძე პენსიაზე გადის. იოსებ დისამიძემ თავისი საქმის სიყვარული და თავდადება დატოვა, რომელიც შემდგომმა თაობებმა აიტაცა და სხვებს გადასცა.
      საქართველოს განათლების სამინისტრო - ბრძანება # 908 გადაყვანილი იქნეს ლევან ჯიჯავაძე  (23-ე საშუალო სკოლის დირექტორი)  # 2 სკოლა-ინტერნატის  დირექტორად. არ შეიძლება განსაკუთრებული მოკრძალებითა და გულწრფელი პატივისცემით არ მოიხსენიო დიდი ღვაწლი და დამსახურება ამ პიროვნებისა, მისი დიდი გულის სითბო და ყურადღება.
წლების მანძილზე სკოლა-ინტერნატის  მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობდნენ მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში. ბევრმა მათგანმა თვალსაჩინო წარმატება მოიპოვა  და დაჯილდოებული იყვნენ დიპლომებით, სიგელებით და ფულადი პრემიეებით.
ფასდებოდა შრომითი საქმიანობაც. ჯართის გეგმით გადაჭარბებით შესრულებისათვის  დაჯილდოვდნენ პიანინოთი, ექსკურსიით - რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში (ხელმძღვანელი ჟუჟუნა ხალვაში), სადაც საკუთარი თვალით იხილეს ჯართის ხელახლა ლითონად ქცევის პროცესი. რედაქციისაგან წიგნებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი მაკულატურის გადამუშავებით. (დამზადებულ ქაღალდზე ორჯერ დაიბეჭდა გაზეთი ,,ნორჩი ლენინელი“ ).
1985 წლის მარტში სკოლა-ინტერნატის ბაზაზე ჩატარდა ნორჩ ფიზიკოსთა           38-ე რესპუბლიკური ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობდა 200-მდე მოსწავლე. საქართველოს განათლების სამინისტროს სიგელით დაჯილდოვდა სკოლა-ინტერნატის მოსწავლე  მაია ჯიჯავაძე.
1988 წლის ივნისს  # 2 სკოლა-ინტერნატის ფოტომოყვარულთა წრე აჯილდოვდა II ხარისხის სიგელით ნორჩ ფოტომოყვარულთა 22-ე რესპუბლიკურ კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის. ამავე წელს, ნოებერში, სკოლამ საზეიმოდ აღნიშნა თეატრის კვირეული. საზეიმო საღამოზე მოწვეული იყვნენ თეატრის მუშაკები.
სოციალური პირობების შესაბამისად სკოლა-ინტერნატის სტატუსი შეიცვალა და  ,,სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატად ,,მოინათლა“ როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალურმა პირობებმა სკოლა-ინტერნატის ცხოვრებაზეც ჰპოვა ასახვა. მის მატეანესაც მეტად მწირი ინფორმაცია შემორჩა, ამიტომაც ამ პერიოდზე ისევე იმდროინდელ აღმზრდელ-მასწავლებლების მოგონებებით მოგითხრობთ: ნელი კონცელიძე - რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - სკოლა-ინტერნატში მუშაობა 1980 წელს დავიწყე. მაშინ რუსულის ოთხი მასწავლებელი ვასწავლიდით.
მუშაობდა სხვადასხვა წრე. გამოდიოდა გაზეთები, ვამზადებდით მოსწავლეებს საქალაქო ოლიმპიადებისათვის. ყოველ დღესასწაულზე ჩვენი წრეები აჩვენებდნენ თვითმოქმედების ნომერს, სცენებს, მონტაჟს, დილას, რასაც დადებითად აფასებდნენ სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე შალვა ბერიძე.
ნაზი მეგრელისვილი- ისტორიის მასწავლებელი: 1990 წელს  მოწონება დაიმსახურა ჩემს თემას ,,საქართველოს ისტორიის სწავლება ძველი მსოფლიოს ისტორიის გაკვეთილებზე“. 1992 წლის ივნისში გამოვიდა და სექტემბერში განხილვა მოვაწყვეთ ,,განათლების კონცეფციისა“. 1994 წელს აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა საქართველოს განათლების კონცეფციის საკუთარი ვარიანტი.
1989 წლიდან ვხელმძღვანელობდი ჰუმანიტარული ციკლის საგანთა მეთოდგაერთიანებას. ტრადიციად გვქონდა ღია კარის  კვირეულის ჩატარება და მოსმენილი გაკვეთილების განხილვა. 1993 წელს თამარ მეფის დაბადების 827 წლისთავისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება ჩავატარეთ.
სკოლაში ტრადიციად გვქონდა ყველა მასწავლებელს წლის განმავლობაში ერთი სასკოლო ღონისძიოება აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა.
1990-1994 წლებში მასწავლებელთა ერთ ნაწილს (ლ. ერქომაიშვილი,                 ი. ზენაიშვილი, ზ. სურმანიძე, გ. ხალვაში, ი. იმნაიშვილი, რ. ჯიჯავაძე,                                      ნ.  მეგრელიშვილი)  მოგვანიჭეს  უფროსი  მასწავლებლის  წოდება.
ჟუჟუნა ხალვაში - დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში. სკოლა-ინტერნატში საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნებოდა. ტარდებოდა სასკოლო და სამოქალაქო გაკვეთილები, სამეცნიერო კონფერენციები, ვიქტორინები და შეხვედრები.
ილი ჭავჭავაძის 150 წლისათვის დაკავშირებით სკოლა-ინტერნატში  ჩატარდა  დიდი ღონისძიება თემაზე ,,მამული , ენა, სარწმუნოება“  ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ლიტერატურისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები.
მსგავსი ღონისძიება ჩატარდა დიდი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის საიუბილეო დღეებში  თემაზე: ,,ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“. მოწვეული იყვნენ პოეტები: ჟუჟუნა ხაჯიშვილი, შოთა ზოიძე, ზურაბ ფირცხალაიშვილი, ბადრი თევზაძე, ქეთინო გიორგაძე, ფრიდონ ქარდავა და სხვები.
სკოლა-ინტერნატის ცხოვრებაში დაინერგა ახალი წეს-ჩვეულებანი და ტრადიციები. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ახალგაზრდობის დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნებოდა ღირსახსოვარი დოკუმენტის, ატესტატის საზეიმო გადცემით. ამ ღონისძიებას  მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ მწერლები, პოეტები და სხვა გამოჩენილი ადამიანები.
ღირსახსოვარი იყო შეხვედრა პოეტებთან: ფრიდონ ხალვაშთან, ზურაბ გორგილაძესთან, ცისანა ანთაძესთან, მამია ვარშანიძესთან და სხვებთან. მოსწავლეთა დიდ ინტერეს იწვევდა შეხვედრების სკოლის კურსდამთავრებულებთან. მოეწყო შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. მოვიწვიეთ მსახიობები: მანუჩარ სერვაშიძე და ნინო საკანდელიძე, მხატვარი ანტონ ფილიპოვი, პოეტი ვახტანგ ახვლედიანი, ეკონომისტი სონია ჩეჩელაშვილი, ექიმი ნარგიზ ყურშუბაძე  და სხვები.
საინტერესო იყო ტელევიზიის თანამსრომლებთან შეხვედრა. ღონისძიების თემა იყო ,,ჩვენ მომავალი ჟურნალისტები ვართ“, სტუმრებმა ისაუბრეს ტელევიზიის დაარსების ისტორიაზე, გაიხსენეს საინტერესო მომენტები თავიანთი მოღვაწეობიდან. მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს საკუთარი შემოქმედებით, წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები და ჩანახატები. შეხვედრის ბოლოს სტუმრებს მიართვეს თაიგულები და გადიღეს სამახსოვრო ფოტო.
1996 წლიდან სკოლა-ინტერნატის ხელმძღვანელად ინიშნება პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ციალა მეგრელაძე. მისი მოღვაწეობის წლებში ბევრი რამ გაკეთდა სკოლის სასიკეთოდ, უპირველესი პრიორიტეტი ბავშვებზე ზრუნვა იყო.
ახალ მიმართულებად ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური საქმიანობა, შემუშავდა ერთ წლიანი პროგრამა,  რომელიც განხორციელდა კლასის ხელმძღვანელებისა და აღმზრდელების მიერ.
სკოლა ინტერნატის აღსაზრდელებისათვის კომფორტული კლიმატის შექმნა  ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობაა. ამ მიზნით შეიქმნა ხელოვნების მოყვარულთა წრე, ქართული კულტურის ისტორიის შემსწავლელ-ფაკულტატური კურსი, შემოღებულიყო მუსიკის საატი, მწვანე გაკვეთილები, ეკოლოგიის საათი. ეწყობოდა ექსკურსიები აღსაზრდელები ხშირად სტუმრობდნენ გონიოს არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს, ხელოვნების მუზეუმს, სამხატვრო გალერიას,                                  ილია ჭავჭავაძის, მემედ აბაშიძის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღს, ეკლესია-მონასტრებს. აქ მათვის გასვლითი საგანმანათლებლო სემინარები ტარდებოდა.
ტარდებოდა სპორტული ღონისძიებები, ყველაზე მეტად მაგიდის ჩოგბურთი მოსწონდათ, ტურნირებიც ხშირად იმართებოდა.

გამოყენებული ლიტერატურა:
გ. ალავერდაშვილი ,,დიდი ოჯახი“.  ,,საბჭოთა აჭარა“ 1981 წ.
ც. მეგრელიძე,  თ. ლორთქიფანიძე ,,იქ, სადაც ზრუნავენ ბავშვთა უფლებების დაცვისათვი“  ბათუმი 2003 წ.


ბათუმის  N2  სკოლა-ინტერნატს   ბოლო წლეებში რამოდენიმეჯერ შეეცვალა  სახელი:
- 2005  წელს.    ქ.  ბათუმის  N 21  საჯარო სკოლა;
- 2009 წელს.   სსიპ  სოფელ  სალიბაურის N1 საჯარო   სკოლა;
- 2010 წელს.   სსიპ  ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის სოფელ  სალიბაურის N2 საჯარო   სკოლა.

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე